logo
ENG



ოპოზიციის ნაწილი რუსული კანონის ალტერნატიულ "რუსეთის გავლენისგან დაცვის" პროექტს აინიცირებს

04 აპრ 202415:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/o31dfmgtf73q3qu.jpg

პარტია საქართველოსთვის და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს აინიცირებენ, რომელიც რუსეთის გავლენისგან დაცვას ეხება. 

"ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად, ვაინიცირებთ ოცნების მიერ დარეგისტრირებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის, ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ, ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას, ყველა იმ ორგანიზაციის, ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით, ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას, ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად თუ ფარულად ჩარევას", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

მისი თქმით, კანონი ეხება არა მხოლოდ ოკუპანტ სახელმწიფოს, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. 

"მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, ოცნება იცავს მის კანონს, სინამდვილეში, არათუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამედ ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს. 

ამ კანონს საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული. ამიტომ, არა, არ არის რუსული კანონის ძახილის ნაცვლად, თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ჩვენი ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის ტოლობის ნიშანს არ სვამთ", - ამბობს ლილუაშვილი. 

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა. 

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა